ამ ამბავმა წლების წინათ მთელი საქართველო შეძრა. ქორწილიდან მომავალი სამარშრუტო ტაქსი, რომელშიც 16 ადამიანი იჯდა, ტრაილერს შეეჯახა.

შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ 14 ადამიანი ადგილზე დაიღუპა. მხოლოდ ლევანი და ერთი ქალბატონი გადარჩა.

2003 წელს, 18 წლის ახალგაზრდის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ლევანის გადარჩენის იმედი ექიმებსაც კი არ ჰქონდათ, მაგრამ მოხდა სასწაული. აპარატიდან მოხსნის შემდეგ, დამოუკიდებლად დაიწყო სუნთქვა. მას შემდეგ ლევანი ეტლში ზის… ამ უმძიმეს ისტორიას, ლევანის დედა საქველმოქმედო ფონდს უყვება.

„ქორწილში კარგად მოილხინეს და უკვე სახლში ბრუნდებოდნენ. სამარშრუტო მანქანა ხალხით იყო სავსე. მძღოლმა სიბნელეში ტრაილერი ვერ შეამჩნია. დიდი სიჩქარით მიმავალი მას შეეჯახა. თითქმის ყველა ადგილზე გარდაიცვალა. მძღოლმა კიდევ ორი დღე იცოცხლა… თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა. გადარჩნენ მხოლოდ ლევანი და კიდევ ერთი ქალი, რომელმაც როგორღაც მოახერხა ამობრუნებული მანქანიდან გადმოსვლა და ბარბაცით დადგა ტრასაზე. ასე გაიგეს, რომ ეს ტრაგედია მოხდა…

იმ ღამეს ახლობლები მოვიდნენ ჩემთან სახლში. არ ინერვიულო, ოლია, რაღაც უნდა გითხრათ. ლევანი… მივხვდი, რომ რაღაც უბედურება უნდა ეთქვათ… ჩემი ლამაზი და მხიარული ლევანი, იმ დროს 18 წლის იყო. უნივერსიტეტში სწავლობდა, საბაჟო ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი იყო…

ლევანმა თავის მძიმე ტრავმა მიიღო. შინაგანი სისხლჩაქცევა ჰქონდა. სანამ მე გორში ჩავედი, მისთვის ერთი ოპერაციის გაკეთება მოასწრეს. იმ ღამესვე, რეანიმობილით გადაიყვანეს ღუდუშაურის კლინიკაში. კიდევ ერთი ოპერაცია გაუკეთეს. თავის ქალას სისხლისგან ასუფთავებდნენ. თავის ტვინის საშინელი დაბეჟილობა ჰქონდა, ნახევარი მოკვეთეს…

23 დღე იყო კომაში. მხოლოდ გული მუშაობდა. აპარატიდან გათიშეს, აინტერესებდათ იცოცხლებდა თუ არა. უფალმა სასწაული მოახდინა. მან კი, უცებ დამოუკიდებლად დაიწყო სუნთქვა.

უკვე 19 წელია რაც ზურგზე მოკიდებული დამყავს… იმ საბედისწერო დღის შემდეგ, ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ლევანის მკურნალობის გამო, სამოთახიანი ბინა გავყიდე, ახლა, ჩემი დის ბინაში ვცხოვრობთ. აქ, მე და ლევანი ერთ ოთახში ვართ. მას საწოლზე სძინავს, მე კი იატაკზე, მის გვერდით.

ლევანს არ ახსოვს, რა შეემთხვა. მე ვეუბნები, რომ მანქანამ გაიტანა რუსთაველზე გზაზე როდესაც გადადიოდა. დღეს მხოლოდ ის შეუძლია, რომ მითხრას – მშია… ეტლში ზის და რეაბილიტაცია სჭირდება. ზოგი რამ ესმის, ზოგი – არა.

ძალიან გვიჭირს. ძირითადად ჩემი მული გვეხმარება, ხან 10 ლარს მაძლევს, ხანაც 20-ს. ეს ჩემთვის დიდი დახმარებაა. ლევანს მუდმივად სჭირდება პამპერსი, რაც დიდი პრობლემაა. ასევე ეპილეფსიის წამლები, რომელიც ძალიან ძვირი ღირს. ფსიქოტროპულიც სჭირდება.

ძალიან უყვარს ჟოლოს იოგურტი, ლობიანი, „ალადიკები“. ნაყინი. ყოველთვის უყვარდა ტკბილეული. მე კი, იძულებული ვარ სოციალური სასადილოს სადილი ვაჭამო. სუნელებს ვამატებ, ცოტა მაინც რომ მიეცეს გემო. იჯღანება, მაგრამ ჭამს.

სამ თვეში ერთხელ, 120 ლარის წამლებს მერიისგან უფასოდ ვიღებთ. ჩვენი შემოსავალი სოციალური დახმარება 100 ლარი და ჩემი პენსიაა.

მხოლოდ საფრანგეთში შეუძლიათ, რომ ლევანი ფეხზე რომ დააყენონ, ხელახლა რომ ასწავლონ სიარული. ჩემი ერთადერთი ოცნებაც ეს არის. დედებმა საკუთარი შვილების ტანჯვას არ უნდა უყურონ. ღმერთო, რამხელა ტკივილია, როდესაც შვილი ცუდად გყავს, შენ კი ვერაფერს შველი.

მუდმივად სჭირდება პამპერსი, წამლები, პროდუქტი. გვჭირდება ნორმალური, შესაფერისი ზომის ეტლი, გარეთ რომ გავიდეს და ტელევიზორი, რათა ცოტათი მაინც გახალისდეს“. – ამბობს ლევანის დედა ოლია.