ამ ამბავმა ექიმებს დიდი საგონებელი გაუჩინა. 2 მაისს საღამოს რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში მამა ორი შვილი სულ რამდენიმე წუთით დატოვა სახლში, თავად კი მაღაზიაში ჩაირბინა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, მეექვსე სართულის ფანჯრიდან ერთმანეთის მიყოლებით, რამდენიმე წუთის ინტერვალით გადმოვარდნენ 2 და 3 წლის ბავშვები და სასწაულის წყალობით, ორივე ცოცხალი გადარჩა – არც ერთს არ აქვს მოტეხილობა, მხოლოდ ტვინის შერყევა და მცირე დაჟეჟილობები. 

მეზობლების თქმით, რომლებიც იმ დროს ეზოში იყვნენ მოგროვებული, უცებ გაიგონეს მოგუდული დაცემის ხმა. როცა ადგილზე მიირბინეს, თვალებს არ დაუჯერეს – მრავალსართულიანისახლის ძირში, ბალახებში პატარა ბიჭუნა ეგდო. “თვითონ წამოდგა და არც კი უტირია. ერთმა მეზობელმა ხელში აიყვანა და მაშინვე სასწრაფო გამოვიძახეთ”, – ყვება ერთი თვითმხილველი.

სანამ ისინი სასწრაფოს ელოდნენ, ვერ დაინახეს, რომ ფანჯარაში კიდევ ერთი  ბავშვი გამოძვრა. თუმცა სანამ ის გადმოვარდებოდა, მაინც მოკრეს თვალი, რამდენიმე კაცმა მიირბინა სახლთან და ერთმა ისიც კი მოახერხა, რომ ბავშვი დაეჭირა. 

სასწრაფო დახმარების მანქანა 8 წუთში მოვიდა. ბავშვები კლინიკაში გადაიყვანეს და გაოგნებულმა ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ ორივე ჯანმრთელად არის. მათი ვარაუდით, კორპუსთან ახალი დაბარული იყო მიწა, სავარაუდოდ, რბილი იყო ის ადგილი, სადაც პირველი ბავშვი დავარდა. მეორეკი კაცმა დაიჭირა და ვარდნის ძალაც ამით შემსუბუქდა. თუმცა მაინც სასწაულია, რადგან 3-4 მეტრიდან გადმოვარდნილი ადამიანებიც კი ვერ უძლებენ დაცემას და ლეტალური შედეგებიც დგება, რომ აღარაფერი ვთქვათ მძიმე მოტეხილობებზე. 

რაც შეეხება მამას, მას ჩაუტარეს ექსპერტიზა და ნასვამი არ იყო. უბრალოდ, მაღაზიაში ჩავირბინე და არც კი მეგონა, რომ ფანჯარა ღია იყოო. დედა სამსახურში იყო და ბავშვებთან მამა იჯდა. სავარაუდოდ, მას მოუწევს პასუხისგება უსაფრთხოების ზომების დაუცველობის გამო. 
შენიშვნა: სტატიაზე მითითებული ფოტო პირობითია