მომღერალ მამუკა ონაშვილის ხსენებაზე ბევრს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა: “სად დაიკარგა მამუკა ონაშვილი?”. თუ სად არის ის და რას საქმიანობს, ამის შესახებ ის ჟურნალ “სარკეს” უყვება.

— ბატონო მამუკა, რას საქმიანობთ თბილისში?

– გამოვდივარ სხვადასხვა კორპორატიულ საღამოებზე, ქორწილებში, დაბადების დღეებზე, მიმყავს ღონისძიებები, როგორც ქართულად, ასევე რუსულად. კვირაში 4 დღე ხინკლის რესტორნების ქსელში ვმუშაობ. თუმცა ეს ისეთი დატვირთვა არ არის, როგორიც ადრე მქონდა.

— რა პერიოდში?

– 10 წლის წინ. თვეში 45 კონცერტი გამოდიოდა, დღეში 2-3-ს ვატარებდი. ახლა მომღერალმა 2-3 კონცერტი თუ ჩაატარა თვეში, მადლობა უნდა უთხრას ღმერთს და მაყურებელს.

— თქვენი შემოსავლის მთავარი წყარო სიმღერაა?

– დიახ, მხოლოდ სიმღერა.

— არასდროს გიცდიათ ბიზნესის წამოწყება?

– სანამ სიმღერას დავიწყებდი, ბიზნესი მქონდა, მერე თავი დავანებე და წამოვედი ხელოვნებაში, შოუბიზნესში, მაგრამ ისე მოხდა, რომ შოუ დარჩა, ბიზნესი გაქრა. დღესდღეობით საკუთარი თავის პატრონი ისევ მე ვარ.