სოციალურ ქსელში წერენ, რომ საქართველოში მონარქიის აღდგენის შემთხვევაში, დავითის მაგიერ უგო ბაგრატიონს ისურვებდნენ მეფედ. მართალია, საქართველოში მონარქიის აღდგენა ჯერ კიდევ ხუმრობისა და კრიტიკის თემად რჩება, მაგრამ ახლოს გავიცნოთ უგო, იგივე გუარამ ბაგრატიონ-მუხრანელი, რომელიც მხოლოდ საქართველოში კი არა, მეორე სამშობლოში, ესპანეთშიც ძალიან პოპულარულია.
თუმცა უგო ბაგრატიონის გამეფების შემთხვევაში, მინიმუმ დავითმა და დავითისა და ანას საერთო შვილმა გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონმა უნდა თქვან ტახტზე უარი, რაც ცხადია, წარმოუდგენელია.
ქართველი პრინცი დედის მხრიდან ნათესაურ კავშირშია ესპანელ დიდგვაროვნებთან. კარგი გარეგნობით წყალობით უგო სასურველი სასიძოა, არამხოლოდ ესპანეთსა და საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. მის შესახებ ხშირად წერს ესპანური მედია. უყვარს გართობა, მოგზარობა, გატაცებულია ტექნო მუსიკით.
ხშირად სტუმრობს საქართველოს და მეგობრობს ბევრ თბილისელთან. მას განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს უფროს ძმა დავითთან. ძმები ხშირად ჩნდებიან ერთად სხვადასხვა მნიშვნელოვან შეხვედრებზე. ბოლოს დავითი და უგო სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზეც იმყოფებოდნენ.
უგო ბაგრატიონი ბიზნესმენ ლევან ვასაძესთან ერთად, თავისი ძმისშვილის, გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონის ნათლიაა. მოგეხსენებათ, რომ გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონი, მონარქიის აღდგენის მსურველთათვის მომავალ მეფედ მოიაზრება. ის დავით ბაგრატიონ-მუხრანელსა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ხანმოკლე ქორწინების დროს შეეძინათ.
უგო ბაგრატიონი ძირითადად ესპანეთში ცხოვრობს და ქონების საკითხებში საკონსულტაციო სააგენტოს, Berkshire Hathaway HomeServices Marbella-ს გუნდის წევრია და მრჩევლის თანამდებობა აქვს.
“წარმომავლობით ქართველი, გამოცდილი პროფესიონალი, რომელსაც ათწლეულებია გამოცდილება აქვს გლობალური ბიზნესის განვითარების, გაყიდვებისა და ურთიერთობების მენეჯმენტში“, – ვკითხულობთ უგოს შესახებ კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
უგო ბაგრატიონს განათლება მიღებული აქვს მადრიდის, პარიზისა და ლონდონის ბიზნეს სკოლებში, სადაც ეუფლებოდა საერთაშორისო ბიზნეს მენეჯმენტს. სწავლის პერიოდში მან განავითარა საერთაშორისო ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყნებთან და მსოფლიოს არაერთ ქვეყანასთან აქვს მყარი კონტაქტები.
ბაგრატიონების წარმომადგენელი თავისუფლად საუბრობს ესპანურ და ინგლისურ ენებზე – “გარდა ამისა, არის სანდო და საიმედო მრჩეველი, რომელიც განაგრძობს პარტნიორობას მომხმარებლის საჭიროებების შესასრულებლად”, – ვკითხულობთ Marbella-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
უგო ბაგრატიონის ამჟამინდელი რჩეული ევროპული წარმოშობის გოგონაა, რომელთან ერთადაც ქართველი პრინცი ბევრს მოგზაურობს.
უგო ცუდად ფლობს ქართულ ენას, თუმცა როგორც მასთან დაახლოებული ადამიანები ამბობენ, ძალიან არის შეყვარებული საქართველოზე და ამაში დიდი წვლილი, დედას მიუძღვის.